- თბილისი-თელავი-წინანდალი-ჭიათურა-ამბროლაური-ბასილეთი-ქუთაისი-თბილისი
საქართველოში შობა და ახალი წელი მხოლოდ დღესასწაული არ არის — ეს ოჯახთან, ტრადიციებთან და მრავალსაუკუნოვან კულტურასთან დაკავშირებული განსაკუთრებული დროა. სწორედ ამ პერიოდში ირთვება ქალაქები ათასობით განათებით, ქუჩებში ისმის ქართული საშობაო საგალობლები, იმართება საახალწლო კონცერტები, საშობაო ბაზრობები და ტრადიციული მსვლელობები, ხოლო ოჯახები იკრიბებიან სადღესასწაულო სუფრასთან.
ამ ტურის ფარგლებში თქვენ არა მხოლოდ საქართველოს ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებთ, არამედ გაეცნობით იმ ტრადიციებსაც, რომლებიც ქართულ შობას უნიკალურს ხდის.
გაიგებთ ვინ არის მეკვლე — პირველი ადამიანი, რომელიც ახალი წლის დილას ოჯახში შედის და რომლის შემოსვლას ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანად მიიჩნევენ. გაეცნობით ჩიჩილაკს — ქართულ საახალწლო ხეს, რომელიც თხილის ან კაკლის ტოტებისგან მზადდება და კეთილდღეობის, სიცოცხლისა და ახალი დასაწყისის სიმბოლოდ ითვლება. ტურის განმავლობაში ასევე გავეცნობით ალილოს — ქართული შობის ერთ-ერთ უძველეს ტრადიციას. შობის დღეს სასულიერო პირები, მგალობლები და ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობას აწყობენ, ასრულებენ საგალობლებს და აგროვებენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ქართულ საშობაო სამზარეულოსაც. დავაგემოვნებთ გოზინაყს — თაფლითა და ნიგვზით დამზადებულ ტრადიციულ ტკბილეულს, რომელიც საქართველოში შობისა და ახალი წლის მთავარ სიმბოლოდ ითვლება.
თუ გსურთ იხილოთ საქართველო იმ დროს, როდესაც მისი უძველესი ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები და ზამთრის სილამაზე ერთმანეთს ერწყმის, ეს ტური სწორედ თქვენთვის არის შექმნილი.
ტურის განმავლობაში თქვენ ეწვევით
- თბილისს
- რიყის პარკს
- მშვიდობის ხიდს
- შარდენის ქუჩას
- გაბრიაძის თეატრს
- რუსთაველის გამზირს
- თავისუფლების მოედანს
- თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს
- თელავს
- ერეკლე მეორის მუზეუმს
- წინანდლის მამულს
|
- საოჯახო მეღვინეობას კახეთში
- ჭიათურას
- კაცხის სვეტს
- შაორის წყალსაცავს
- ამბროლაურს
- ჩიჩილაკის სამშობლო-ბასილეთს
- ქუთაისს
- გელათის სამონასტრო კომპლექსს
- ბაგრატის ტაძარს
|
დღე 1 – ჩამოსვლა თბილისში და საახალწლო დედაქალაქის აღმოჩენა
- თბილისის საერთაშორისო ეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ დაგხვდებიან ჩვენი წარმომადგენლები და სასტუმროში წაგიყვანენ ცოტაოდენი მოსვენებისთვის. საღამოს გავისეირნებთ თბილისის ცენტრისკენ, რომელიც დეკემბრის ბოლოდან იანვრის შუა რიცხვებამდე ნამდვილ ზამთრის ზღაპარს ემსგავსება.
- გავისეირნებთ ძველი თბილისის ქუჩებში, მოვინახულებთ რიყის პარკს, მშვიდობის ხიდს, შარდენის ქუჩას. ქალაქის ცენტრალური მოედნები ათასობით ნათურითაა მორთული, ხოლო საახალწლო ბაზრობებზე ადგილობრივი ოსტატები ხელნაკეთ ნივთებს, ტრადიციულ ტკბილეულსა და საშობაო დეკორაციებს ყიდიან. გავისეირნებთ რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზეც სადაც მთავარი ღონიძიებები მიმდინარეობს ყოველ შობა-ახალ წელს. საღამოს დავტკბებით თბილისის საშობაო ბაზრობის განსაკუთრებული ატმოსფეროთი, ქუჩის კონცერტებითა და საახალწლო ღონისძიებებით.
- ღამისთევა თბილისში.
დღე 2 – ქართული ტრადიციები და თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი
- დღეს უკეთ გავეცნობით ქალაქის დარჩენილ ნაწილს და იმ ტრადიციებს, რომლებიც ქართულ შობასა და ახალ წელს უნიკალურს ხდის.
- დილით მოვინახულებთ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული საცხოვრებლებია წარმოდგენილი. მუზეუმში 70-ზე მეტი ისტორიული ნაგებობა, მათ შორის სვანური კოშკები, კახური დარბაზები და სხვა რეგიონული არქიტექტურის ნიმუშები. აქ ასევე ჩანს ძველი ქართული ცხოვრების ყოველდღიური ნივთები და ტრადიციები. ეს ადგილი საშუალებას იძლევა ერთ სივრცეში გავეცნოთ საქართველოს მრავალფეროვან კულტურასა და ცხოვრების წესს. აქ გავიგებთ, როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, როგორ ემზადებოდნენ ოჯახები სტუმრების მისაღებად და რა მნიშვნელობა ჰქონდა მეკვლეს, ჩიჩილაკსა და საშობაო სუფრას.
- დღის მეორე ნახევარში გვექნება თბილისის საფეხმავლო ტური. ჩვენი საფეხმავლო ტურის დროს ვნახავთ ადგილებს საიდანაც თბილისმა, როგორც ქალაქმა არსებობა დაიწყო. ტურს დავიწყებთ მეტეხის ტაძრიდან (XIII ს.) და ისნის უბნიდან, რომელიც შუა საუკუნეებში სამეფო რეზიდენცია იყო. ეს იდეალური ადგილია ძველი ქალაქის შესანიშნავი ხედებით დასატკბობად და სურათების გადასაღებად. შემდეგ, საბაგირო გზით მივალთ თბილისის დედაციხემდე, ნარიყალამდე (VI ს.), რომელიც ქალაქში ერთ-ერთი პირველი ნაგებობაა. შემდეგ გავისეირნებთ გოგირდის აბანოების უბნისა და უნიკალური მეჩეთის სანახავად, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ, ნელ-ნელა კი გავუყვებით შარდენის ქუჩას. გზად ვნახავთ სიონის ტაძარს (XI ს.), ანჩისხატის ეკლესიას (VI ს.), გაბრიაძის თოჯინების თეატრსდა ა.შ.
- ღამისთევა თბილისში.
დღე 3 – კახეთი და წინანდლის საშობაო ბაზრობა
- დღეს გავემგზავრებით კახეთში — საქართველოს ღვინის სამშობლოში და სად თუ არა კახეთსი აღნიშნავენ ყველაზე .
- თავდაპირველად ვესტუმრებით წინანდალს, სადაც ყოველი ზამთარი განსაკუთრებული საშობაო ღონისძიებებით აღინიშნება. წინანდალში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახის მამულია. აქ მდებარეობს მუზეუმი, ულამაზესი პარკი და ღვინის მარანი. ისტორიული მამული და მისი ბაღები საახალწლო განათებებით, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობებითა და კულტურული ღონისძიებებით ივსება. აქ საშუალება გვექნება დავესწროთ ძალიან გემოვნებიან და საინტერესო ღონისძიებას, დავაგემოვნოთ ადგილობრივი ტკბილეული, მოვისმინოთ ქართული მუსიკა და გავიცნოთ კახური საახალწლო ტრადიციები.
- შემდეგ ქალაქ თელავს მოვინახულებთ. მეფე ერეკლეს ციხეში დავესწრებით საშობაო გამოფენას და ჩავერთვებით სადღესასწაულო ატმოსფეროში. თელავში ვესტუმრებით ადგილობრივ ოჯახს სადაც თონეში გამოვაცხობთ პურს და მოვამზადებთ საქართველოს ახალი წლის აუცილებელ ატრიბუტს - გოზინაყს. გოზინაყი არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული საახალწლო ტკბილეული, რომელიც მზადდება ნიგვზისა და თაფლისგან. დავაგემოვნებთ კახურ ღვინოს და მოვისმენთ ტრადიციულ კახურ მრავალჟამიერს სუფრასთან.
- საღამოს დავბრუნდებით თბილისში.
- ღამისთევა თბილისში.
დღე 4 – ქართული შობა რაჭულ ოჯახში
- დილით ადრე ვტოვებთ თბილისს და ვიწყებთ გზას რაჭისკენ. ჩვენი პირველი გაჩერებაა ჭიათურა — უნიკალური ქალაქი, რომელიც მთებში, ღრმა კანიონშია გაშენებული. საბჭოთა პერიოდში იგი მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მანგანუმის მოპოვების ცენტრს წარმოადგენდა. გადავხედავთ ქალაქს ზემოდან, სადაც ბუნება და ინდუსტრია ერთიან უნიკალურ პეიზაჟს ქმნის.
- ჭიათურიდან გზას ვაგრძელებთ ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ადგილამდე საქართველოში — კაცხის სვეტამდე. ეს 40-მეტრიანი კირქვის მონოლითი პირდაპირ ვაკიდან იზრდება და მის თავზე პატარა მონასტერი მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი ასოცირდებოდა განმარტოებასთან, სულიერ ცხოვრებასთან და რწმენასთან. დღესაც აქ ცხოვრობს ბერი, რომელიც ამ უნიკალურ ტრადიციას აგრძელებს.
- შემდეგ მივაღწევთ შაორის წყალსაცავს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და ლამაზი ადგილია რაჭაში. მთებითა და ტყეებით გარშემორტყმული წყალსაცავი ხშირად ალპურ ტბას ჰგავს. მისი წყალი სარკესავით ირეკლავს ცას და გარემომცველ მწვერვალებს, რაც ქმნის განსაკუთრებულ სიმშვიდეს.
- ნიკორწმინდის ტაძარი, XI საუკუნის ძეგლი საქართველოში ჩვენი მოგზაურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება. ტაძარი ცნობილია უნიკალური ქვის ჩუქურთმებითა და დეტალურად დამუშავებული რელიეფებით. იგი წარმოადგენს ქართული ოქროს ხანის არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს. ტაძარში ყოველი დეტალი სიმბოლიკით არის სავსე — წმინდანები, ბიბლიური სცენები და ორნამენტები ქმნიან სრულ მხატვრულ სამყაროს.
- საბოლოოდ კი ჩავალთ ამბროლაურის რაიონში სადაც ადგილობრივი ოჯახი გვიმასპინძლებს ტრადიციულ რაჭულ სახლში რათა მათთან ერთად გავატაროთ საშობაო პერიოდი და ნამდვილად შევიგრძნოთ ტრადიციები. საღამოს ოჯახთან ერთად გავხდებით ნამდვილი რაჭული სუფრის მონაწილეები. ტრადიციული კერძები, მრავალხმიანი სიმღერები, სადღეგრძელოები და ადგილობრივი სტუმართმოყვარეობა საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ, თუ რატომ ითვლება ქართული ოჯახური დღესასწაული ქვეყნის კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად.
- ღამისთევა ამბროლაურში.
დღე 5 - ჩიჩილაკის სამშობლო ბასილეთში
- დილით დავემშვიდობებით ჩვენს მასპინძლებს რაჭაში, მაგრამ მოგზაურობა აქ არ სრულდება — პირიქით, დღეს ვიწყებთ განსაკუთრებულ გზას, რომელიც ქართულ საშობაო ტრადიციების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოს უკავშირდება.
- ჩვენი პირველი გაჩერებაა ბასილეთი — ადგილი, რომელსაც ადგილობრივი გადმოცემებითა და ეთნოგრაფიული ტრადიციებით ჩიჩილაკის სამშობლოდ მიიჩნევენ. სწორედ აქ, დასავლეთ საქართველოს ტრადიციულ ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ძლიერად იყო განვითარებული თხილის ტოტისგან დამზადებული „საშობაო ხის“ რიტუალი, რომელიც მზის დაბრუნებას, ახალი წლის დაწყებასა და სულიერ განწმენდას უკავშირდებოდა.
- ბასილეთში მონაწილეობას მივიღებთ ჩიჩილაკის მასტერკლასში, სადაც ადგილობრივი ოსტატები გვიჩვენებენ, როგორ მზადდება ეს უნიკალური ქართული "საშობაო ხე". ეს არ არის უბრალოდ ხელსაქმე — ეს არის ცოცხალი რიტუალი.
- გზას გავაგრძელებთ ქალაქ ქუთაისში. სადაც საღამოს გავისეირნებთ და იქვე დავბინავდებით.
დღე 6 - შობა ქუთაისში
- დილას ქუთაისის მწვანე ბაზრის სტუმრობით დავიწყებთ და ვნახავთ თუ როგორ ემზადებიან ადგილობრივები სუფრის გასაწყობად. შემდეგ ორ უმნიშვნელოვანეს ძეგლს ვეწვევით. დავიწყეთ გელათის სამონასტრო კომპლექსით (XII ს.). გელათის ძეგლის მნიშვნელობაზე შეიძლება უსასრულოდ ვისაუბროთ, მაგრამ აქ მხოლოდ რამდენიმე მიზეზს ჩამოვთვლით: 1. გელათი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 2. ის იყო საგანმანათლებლო ცენტრი საქართველოში ქართული ოქროს ხანის დროს. 3. გელათი იყო XII-XIII სს-ის ქართველი მეფეების სამარხი. 4. გელათის საკურთხევლის მოზაიკა უნიკალურია მთელ მსოფლიოში. 5. მეფე დავით აღმაშენებლის ერთადერთი გამოსახულება შემორჩენილია გელათის საკათედრო ტაძრის კედლებზე.
- შემდეგი გაჩერება - ბაგრატის ტაძარი (X ს.). ადგილობრივებისთვის ბაგრატი მთავარი საკულტო ადგილია. ბაგრატის ტაძარი აშენდა X საუკუნეში საქართველოს გაერთიანების საპატივცემულოდ მეფე ბაგრატ X-ის მიერ (ტაძრის სახელი მეფის სახელიდან მომდინარეობს). მას შემდეგ ის ემსახურება როგორც ქართველი მონარქების კორონაციის ადგილს და რელიგიურ ცენტრს იმერეთში.
- დღის მეორე ნახევარში დავბრუნდებით თბილისში, სადაც კიდევ ერთხელ შევიგრძნობთ სადღესასწაულო დედაქალაქის ატმოსფეროს.
- ღამისთევა თბილისში.
დღე 7 – ალილო და გამგზავრება
- თუ მოგზაურობა ემთხვევა შობის პერიოდს, დილით შესაძლებლობა გვექნება დავესწროთ ალილოს მსვლელობას — ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ საშობაო ტრადიციას, რომლის ისტორია საუკუნეებს ითვლის.
- შემდეგ თავისუფალი დრო საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად.
- ტრანსფერი აეროპორტში და გამგზავრება.
- ტურის დასასრული.
*თუ ამ ტურის პერიოდში ამინდი და გზის საფარი ამის საშუალებას მოგვცემს, ქუთაისის ნაცვლად შესაძლებელია მარშრუტის შეცვლა და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალური ზამთრის კურორტის ბახმაროს მონახულება.
ბახმარო ზამთარში ნამდვილ ზღაპრულ სამყაროდ იქცევა: ხშირად 1.5–2 მეტრამდე თოვლი ფარავს მთელ ლანდშაფტს, ხის სახლები თითქმის მთლიანად იფარება თოვლის საფარში და ადგილი სრულიად იზოლირებულ, მშვიდ და ავთენტურ მთის ატმოსფეროს ქმნის.*