Travel To Georgia Tours Travel To Georgia Tours 995-595-25-81-22 Email Us

აღმოაჩინეთ უცნობი საქართველო – 22 დღე ლაშქრობებში, მასპინძლობასა და ფარული საგანძურის აღმოჩენაში

აღმოაჩინეთ უცნობი საქართველო – 22 დღე ლაშქრობებში, მასპინძლობასა და ფარული საგანძურის აღმოჩენაში

3000 ₾ / დან

  • თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-მყინვარწვერი-სოფელი ცდო-აბუდელაურის ტბები-შატილი-მუცო-დავით-გარეჯას უდაბნო-ვაშლოვნის ეროვნული პარკი-სიღნაღი-ბოდბე-თუშეთი-ომალო-შენაქო-დართლო-რაბათი-სარო-ვარძია-თმოგვი-ხერთვისი-ფარავნის ტბა-გორელოვკა-მადათაფას ტბა-ბაღდაშენის ტბა-დაშბაშის კანიონი-ასურეთი-ალგეთის წყალსატევი-თბილისი

აღმოაჩინეთ საქართველოს ბუნების, ისტორიის, კულტურის და სამზარეულოს მრავალფეროვნება ამ ტურის ფარგლებში. ეს მოგზაურობა აერთიანებს მთის შთამბეჭდავ ლანდშაფტებს, გადაკარგულ სოფლებს, უძველეს მონასტრებს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათთან კერძების მომზადებასა და დაგემოვნბას. ყაზბეგის მწვერვალებიდან და თუშეთის ხელუხლებელი ბუნებიდან კახეთის ვენახებამდე, ეს ტური აქტიური მოგზაურობისა და კულტურული აღმოჩენების იდეალურ ბალანსს გთავაზობთ.


დღე 1 – ჩამოსვლა თბილისში

  • კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი და გადაგიყვანთ დედაქალაქში მდებარე სასტუმროში. ცოტაოდენი დასვენების შემდეგ, გექნებათ შესაძლებლობა მშვიდად გაეცნოთ თბილისს – მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს დედაქალაქს. საღამოს გავისეირნებთ ძველი თბილისის ქუჩებში, სადაც ფერადი აივნები, ისტორიული ეკლესიები, თანამედროვე არქიტექტურა და ცოცხალი კაფეები აღმოსავლეთისა და დასავლეთის უნიკალურ შერწყმას ქმნის. მოვინახულებთ შარდენს, კოტე აფხაზის ქუჩას, გუდიაშვილის სკვერს და სხვა მრავალ ღირსშესანიშნაობას. 
  • ღამისთევა თბილისში.

 

დღე 2 – თბილისი და მცხეთა

  • ამ დღეს ჩვენ ვეწვევით საქართველოს ორ დედაქალაქს: ძველსა და თანამედროვეს. მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია. მას ასევე მეორე იერუსალიმს უწოდებენ ქალაქში დაცული მრავალი ქრისტიანული რელიქვიის გამო, მათ შორისაა იესო ქრისტეს კვართი. პირველი გაჩერება იქნება ჯვრის მონასტერი (VI ს.), რომელიც ამაყად დგას მთაზე და გადაჰყურებს ქალაქსა და მის შემოგარენს. მტკვრისა და არაგვის შესართავი სწორედ ჯვრის მაღლობიდან მოსჩანს ყველაზე კარგად. კიდევ ერთი გაჩერება იქნება სვეტიცხოვლის ტაძარი (XI ს.), რომელიც მრავალი რამით არის მნიშვნელოვანი. ქრისტეს კვართი, გადმოცემის თანახმად, ტაძრის საძირკველშია დაკრძალული. სვეტიცხოველი უხსოვარი დროიდან ქართველ მეფეთა სამარხია. აქვეა დაცული წმინდა ანდრიას წმინდა ნაწილები.
  • მცხეთაში ასეევე ვეწვევით სამთავროს დედათა მონასტერს. სამთავროში მოვინახულებთ მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას საძვალეებს და მოვისმენთ  ამ ძეგლების უნიკალური არქიტექტურის შესახებ. აუცილებელია გადავინაცვლოთ წინარექრისტიანულ ხანაში და არმაზციხეც მოვინახულოთ. მცხეთის დიდიებული ისტორია შეუძლებელია ჩაეტიოს ერთ დღეში ამიტომ ციხის სტუმრობის შემდეგ პირდაპირ გადავინაცვლებთ თბილისში და თანამედროვე დედაქალაქის ძველ ქუჩებში გავისეირნებთ. ტურს დავიწყებთ მეტეხის ტაძრიდან (XIII ს.) და ისნის უბნიდან, რომელიც შუა საუკუნეებში სამეფო რეზიდენცია იყო. ეს იდეალური ადგილია ძველი ქალაქის შესანიშნავი ხედებით დასატკბობად. შემდეგ მოვინახულებთ თბილისის დედაციხეს, ნარიყალას (VI ს.), რომელიც ქალაქის ერთ-ერთი პირველი ნაგებობაა. ნარიყალას ციხიდან მთელი ქალაქი მოჩანს. გოგირდის აბანოების უბნისა და უნიკალური მეჩეთის სანახავად ჩასვლის შემდეგ, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ, ნელ-ნელა შარდენისა და ძველი ქალაქის სხვა პატარა, მყუდრო ქუჩებისკენ გავემართებით. გზად ვნახავთ სიონის საკათედრო ტაძარს (XI ს.), ანჩისხატის ბაზილიკას (VI ს.), გაბრიაძის თოჯინების თეატრს, როთაც დავასრულებთ დღევანდელ ტურს.

 

დღე 3 – საქართველოს სამხედრო გზა და ყაზბეგი

  • საქართველოს სამხედრო მაგისტრალი კავკასიონის მთებისკენ წაგვიყვანს. პირველი გაჩერება ანანურის ციხესიმაგრეა (XIV ს.). ის მთებისა და მდინარის შეერთების ადგილასაა აგებული და ზურმუხტისფერ, ჟინვალის წყალსატევს გადაჰყურებს.
  • ამ კოშკების შესახებ უამრავი იდუმალი ლეგენდა დღემდე შემონახულია ჩვენი წინაპრების მიერ. რომელთა შესახებაც ჩვენი გამოცდილი გიდები მოგიყვებიან. ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე გუდაურის სათხილამურო კურორტზე გავჩერდებით, სადაც დავტკბებით მთების ულამაზესი ხედებით. გუდაურის შემდეგ გავაგრძელებთ მოგზაურობას სტეფანწმინდისკენ.
  • საღამოს დავჩექინდებით სასტუმროში. ღამისთევა ყაზბეგში.

 

დღე 4 – ლაშქრობა გერგეტის სამების ტაძრისა და ყაზბეგის მყინვარისკენ

  • ჩვენი პირველი მნიშვნელოვანი ლაშქრობა დაიწყება ყაზბეგში და მიგვიყვანს გერგეტის სამების ტაძართან, რომელიც ხეობის მაღლა, ყაზბეგის მთის ფონზეა აღმართული. ბილიკი მთის ულამაზეს პეიზაჟებში მიიკლაკნება და სულ უფრო შთამბეჭდავ ხედებს გთავაზობთ მყინვარებზე, მდინარეებსა და თოვლით დაფარულ მწვერვალებზე. ამ გამორჩეული ტაძრის წინაშე დგომა, საქართველოს ყველაზე მაღალი მთების გარემოცვაში, დაუვიწყარი გამოცდილებაა და კავკასიაში ნებისმიერი ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი.
  • ამ დღეს საკმარის სანოვაგეს მოვიმარაგებთ, რადგან გერგეტის სამება ჩვენი დანიშნულების საბოლოო წერტილი არ არის. ამ დღეს ყაზბეგის მყინვარზე გავილაშქრებთ. ყაზბეგის მყინვარი არის აღმოსავლეთ საქართველოს უმაღლესი მწვერვალი 5047მ, ხეობის პატარძალი, ურსხოხის მთა, როგორც მას ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებდა. ამ დღის საბოლოო გაჩერება, ხანგრძლივი ლაშქრობის შემდეგ, იქნება მთის სასტუმრო სახელად Altihut.
  • ღამისთევა Altihut-ში.

 

დღე 5 – ლაშქრობა მყინვარწვერზე

  • გამოსცადეთ კავკასიონის მთებში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლაშქრობა, რომელიც Altihut-იდან ყაზბეგის შთამბეჭდავი მყინვარისკენ მიემართება.
  • ლაშქრობა იწყება Altihut-იდან, საიდანაც მყინვარწვერის, გერგეტის სამების ტაძრისა და მიმდებარე მთის ხეობების ულამაზესი ხედები იშლება. აქედან ბილიკი თანდათან ადის რთულ ალპურ რელიეფზე და მიჰყვება ბილიკებს ყაზბეგის ეროვნული პარკის სიღრმეში.
  • რაც უფრო მაღლა აგრძელებთ სვლას, მით უფრო მკაცრი და კლდოვანი ხდება პეიზაჟები. თოვლით დაფარული მწვერვალები, მყინვარული მდინარეები, კლდოვანი ქედები და ვრცელი ღია ლანდშაფტები დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის. მყინვარწვერის — საქართველოს მესამე უმაღლესი მთისა და მთელი კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლოსი.
  • ბილიკი საბოლოოდ მყინვარწვერთან მიგიყვანთ — გამორჩეულ ბუნებრივ საოცრებასთან. მაღალი კლდეებითა და მაღალმთიანი ველური ბუნებით გარშემორტყმული მყინვარი უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, ახლოდან შეიგრძნოთ საქართველოს მთიანი გარემოს ხელუხლებელი სილამაზე. დაისვენეთ, გადაიღეთ ფოტოები და დატკბით ამ შორეული ალპური გარემოს მშვიდი ატმოსფეროთი.
  • დაიწყეთ დაბრუნება Altihut-ის მიმართულებით. დაღმართისას გერგეტის ხეობისა და მიმდებარე მთათა სისტემების ახალი ხედები გადაიშლება, რაც უკან დაბრუნების გზასაც ისეთივე შთამბეჭდავს ხდის, როგორც აღმართს.
  • ღამისთევა Altihut-ში.

 

დღე 6 – დასვენების დღე სტეფანწმინდაში და ლანჩი ცდოში

  • ეს დღე შედარებით მშვიდად ჩაივლის. დამღლელი ლაშქრობების შემდეგ ადგილობრივებთან გასაურება და მათი სამზარეულოს დაგემოვნებაც ხომ აუცილებელია. დღეს დავიწყებთ ალტიჰატიდან ჩამოსვლით სტეფანწმინდამდე და შემდეგ უკვე ლარსის საზღვართან მდებარე მამათა მონასტერში სტუმრობით. შორიდან დავაკვირდებით საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სასაზღვრო პუნქტს და დავაგემოვნებთ ბერების მიერ დამზადებულ ადგილობრივ ღვინოებს.
  • შემდეგ მოვინახულებთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შორეულ და უნიკალურ სოფელს — ცდოს. ცდოში ცხოვრობს რამდენიმე საოცარი ოჯახი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ტრადიციულ და უბრალო ცხოვრების წესს. მათ ჰყავთ პირუტყვი, მიჰყვებიან მესაქონლეობას და საკვების უმეტეს ნაწილს თავად ამზადებენ.
  • მონაწილეობას მივიღებთ ქართული ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასში. ხინკალი საქართველოს ყველაზე ცნობილი კერძია. ეს ხორციანი ცომეული დღეს უკვე მთელ მსოფლიოში იძენს პოპულარობას. ხინკლის მომზადების პროცესი სახალისო და საინტერესო გამოცდილებაა.
  • ასევე ადგილობრივი ყველის დამზადების პროცესში მონაწილეობას ან ოჯახის საქმეებით დაკავებას, გააჩნია სეზონს, მაგალითად ცხვრის გაკრეჭვას ტრადიციული მეთოდით და ა.შ.  გავატარებთ დროს ოჯახთან ერთად, მოვისმენთ ადგილობრივ ისტორიებსა და ლეგენდებს.
  • დატვირთული და შთამბეჭდავი დღის შემდეგ დავბრუნდებით სტეფანწმინდაში.
  • ღამისთევა სტეფანწმინდაში.

 

დღე 7 – ხევსურეთის მაღალმთიანეთში

  • დროა გადავინაცვლოთ საქართველოს სხვა რეგიონში, რომელსაც ხევსურეთი ჰქვია და მოვინახულოთ ეს ჯერ კიდევ უამრავი უცხოელისაგან აღმოუჩენელი საოცრება. დილასვე ადგილობრივი ჯიპებით გავემართებით ჟინვალის წყალსაცავიკენ, სადაც ცოტაოდენი დასვენების შემდეგ გადავინაცვლებთ ხევსურეთის მხარეს და მივადგებით როშკას საიდანაც წავალთ აბუდელაურის ტბების ბილიკებამდე. მოვინახულებთ აბუდელაურის ულამაზეს ტბებს და ჩამოვალთ შატილისკენ. ეს შუა საუკუნეების ციხე-სოფელი ცნობილია თავისი უძველესი ქვის კოშკებით, შთამბეჭდავი მთის გარემოთი და მდიდარი ისტორიით. ამ ღამეს ადგილობრივ ოჯახში გავატარებთ. შესაძლებლობა გვექნება ახლოს გავეცნოთ ხევსურების ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას, მონაწილეობა მივიღოთ კერძების მომზადებაში და საღამოს მათთან ერთად ვივახშმოთ. ღამისთევა შატილში ან არდოტში.

 

დღე 8 – ლაშქრობა შატილისა და მუცოს ციხე-სოფლებისკენ

  • დღეს ლეგენდარული ციხე-სოფელ შატილისა და მუცოს დათვალიერების დროა. ეს VIII–XIII საუკუნეებში ჩამოყალიბებული ციხე-სოფლები შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარ ნუსხაში და კავკასიაში შუა საუკუნეების მთის არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშებად ითვლება. ისინი საქართველოს მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობას ასახავენ.
  • მარშრუტი გაივლის ულამაზეს არღუნის ხეობას, სადაც გზად შეგხვდებათ მთის მდინარეები, ალპური მდელოები, შუა საუკუნეების კოშკები და კავკასიონის თვალწარმტაცი პეიზაჟები. გზად გაეცნობით ხევსურეთის მდიდარ ისტორიასა და მისი გამაგრებული დასახლებების გამორჩეულ არქიტექტურას.
  • ციხე-სოფლების დათვალიერებისა შემდეგ დავბრუნდებით იმავე ბილიკით ან სურვილის შემთხვევაში მარშრუტის ნაწილს ცხენებით გავივლით, იმ ტრადიციული გზების გამოყენებით, რომლებსაც ოდესღაც ადგილობრივი მწყემსები და მებრძოლები იყენებდნენ.
  • ღამისთევა შატილში, საოჯახო სასტუმროში.

 

დღე 9 – ხევსურეთის კოშკებიდან დავითგარეჯის ფერად მთებამდე 

  • ამ დღეს დავიწყებთ დილაადრიანად რადგან წინ 320 კილმეტრის გზა გველოდება. ჟინვალის წყალსაცავამდე ჩვენის მოხევე მძღოლები მიგვიყვანენ და აქ გამოვიცვლით ტრანსპორტს, დავემშვიდობებით ჩვენს მთიელ მეგობრებს და გავუყვებით მაგისტრალს დავით-გარეჯის უდაბნომდე. ამ დღეს საქართველოს ოთხ ისტორიულ რეგიონს და ექვს განსხვავებულ ლანდშაფტურ ზონას გავივლით და საბოლოოდ საქართველოს სამხრეთში დავბინვდებით. ამ დღეს მხოლოდ გადაადგილებასა და საღამოს გასეირნებას დავუთმობთ რათა ძალიან არ გადავიღალოთ. 
  • საღამოს დავტკბებით ამ უნიკალური რეგიონის მშვიდი ატმოსფეროთი და ულამაზესი მზის ჩასვლით, რომელიც ფერად ბორცვებსა და უსასრულო ღია ლანდშაფტებს ეფინება. სწორედ ეს განსაკუთრებული გარემო აქცევს ამ ადგილს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უჩვეულო დანიშნულებად.
  • ღამისთევა უდაბნოში.

 

დღე 10 – ლაშქრობა დავითგარეჯაში

  • დღევანდელი დღე მთლიანად დავითგარეჯის უდაბნოში ლაშქრობას ეთმობა. დილით ადრე, სოფელ უდაბნოდან გავუყვებით თვალწარმტაც ბილიკებს, რომლებიც მშრალ ბორცვებსა და შთამბეჭდავ კლდოვან წარმონაქმნებს შორის მიემართება აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსისკენ. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნეში დააარსა წმინდა დავით გარეჯელმა, ერთ-ერთმა ცამეტ ასურელ მამათაგანმა. საუკუნეების განმავლობაში იგი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასულიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი იყო. კლდეში ნაკვეთი მონასტრები, ბერების სენაკები და უნიკალური ფრესკები დღესაც ასახავს საქართველოს მდიდარ ქრისტიანულ მემკვიდრეობას. გარდა კულტურული მნიშვნელობისა დავითგარეჯის ნახევარუდაბნო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიაა ფრინველებზე დაკვირვებისთვის. აქ ბინადრობს და მიგრაციის დროს გვხვდება ისეთი სახეობები, როგორებიცაა ფასკუნჯი (Egyptian Vulture), ორბი (Griffon Vulture), ბექობის არწივი (Short-toed Snake Eagle), მცირე არწივი (Booted Eagle), ქორისებრთა სხვადასხვა სახეობები და შავი ყარყატი. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ეს ტერიტორია ევროპასა და აზიას შორის გადამფრენი მტაცებელი ფრინველების მნიშვნელოვანი მარშრუტია, რის გამოც ცაში ხშირად ათეულობით არწივისა და ქორის დანახვაა შესაძლებელი.
  • დათვალიერებისა და ფოტოგადაღებისთვის გამოყოფილი დროის შემდეგ, იმავე თვალწარმტაცი ბილიკით დავბრუნდებით უდაბნოში, სადაც ღამეს გავათევთ.

 

დღე 11 – ვაშლოვანის ეროვნული პარკი და მიტოვებული საბჭოთა სამხედრო აეროდრომი

  • ჩვენი თავდაგადასავლის მეთერთმეტე დღეს გავემგზავრებით ვაშლოვნის ეროვნულ ნაკრძალში. უდაბნოდან ვაშლოვანისკენ მიმავალ გზაზე გავივლით დედოფლისწყაროს, შირაქის ველსა და შირაქის ყოფილ სამხედრო აეროდრომს. შირაქის ველი საუკუნეების განმავლობაში საქონლის საძოვარი იყო, საბჭოთა პერიოდში კი სამხედრო დანიშნულება შეიძინა. ეს ტერიტორია იორის ზეგნის ნაწილია და საქართველოს ყველაზე მშრალ რეგიონს წარმოადგენს. სწორედ აქ იწყება ლანდშაფტური გარდასვლა კახეთის სასოფლო-სამეურნეო ზონებიდან ვაშლოვანის ნახევარუდაბნოებსა და კანიონების სამყაროში. ვეწვევით საბჭოთა პერიოდის მიტოვებულ სამხედრო აეროდრომს, სადაც ცარიელი ასაფრენი ბილიკები და მიტოვებული ნაგებობები, დაჟანგებული თვითმფრინავები გვახსენებს დროის გარდავალობის რეალობას.
  • შემდეგ ვეწვევით ჩვენი დანიშნულების მთავარ ადგილს ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიას. ის 1935 წელს შეიქმნა და დღეს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ეკოსისტემას იცავს. ეს ტერიტორია მილიონობით წლის წინ უძველესი ზღვის ფსკერი იყო, რის გამოც აქ დღემდე გვხვდება ნიჟარებისა და ზღვის ორგანიზმების ნამარხები. ვაშლოვანი ცნობილია ქვიშაქვის კლდეებით, კანიონებითა და ე.წ. 'ალესილი კლდეებით'. აქ ბინადრობენ მგელი, ტურა, მელა, ფოცხვერი, მაჩვი, ზღარბი და ჯეირანი, რომელიც საქართველოში იშვიათი სახეობაა. ფრინველებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფასკუნჯი, ორბი, გველიჭამია არწივი და სხვადასხვა სახეობის ქორი. უნიკალური გეოლოგიისა და ნახევარუდაბნოს ბუნების გამო ვაშლოვანს ხშირად საქართველოს ყველაზე არაკავკასიურ ლანდშაფტს უწოდებენ.საღამოს დავბრუნდებით დედოფლისწყაროში. განვათავსდებით საოჯახო სასტუმროში, მოვამზადებთ ვახშამს და დავისვენებთ.

 

დღე 12 – სიღნაღისა და ბოდბის მონასტრის მონახულება

  • დღეს დედოფლისწყაროს დავტოვებთ და კახეთის უფრო ცნობილ და პოპულარულ ადგილებს გავეცნობით, რაც სასიამოვნო ცვლილება იქნება უდაბნოსა და ვაშლოვანის ველურ ბუნებაში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ.
  • გზა სიღნაღში მიგვიყვანს, რომელსაც ასევე „სიყვარულის ქალაქს“ უწოდებენ. ყველამ იცის, რომ ამ ქალაქის მეტსახელის მიზეზი 24 საათის განმავლობაში მომუშავე საქორწინო დარბაზია. ჩვენ გავისეირნებთ პატარა ქალაქის ქუჩებში. აღმოაჩენთ საქართველოში ყველაზე გრძელ თავდაცვით კედელს და დავტკბებით ალაზნის ველის დაუვიწყარი ხედებით. შემდეგი გაჩერება ბოდბის დედათა მონასტერია, საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილი. ის ცნობილია მომლოცველთა შორის. 
  • მოგვიანებით გავემგზავრებით თელავში — კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრსა და რეგიონის უდიდეს ქალაქში. გავისეირნებთ ქალაქის ცენტრში და ღამეს თელავში გავათევთ.

 

დღე 13 – აბანოს უღელტეხილის გავლით თუშეთში

  • დღევანდელი მოგზაურობა თავად წარმოადგენს თავგადასავალს. აბანოს უღელტეხილზე გამავალი გზა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სამთო მარშრუტად ითვლება. აბანოს უღელტეხილი კავკასიონის ყველაზე მაღალი საავტომობილო უღელტეხილია, ხოლო თავად გზა მიხვეულ-მოხვეული, ვიწრო და თავგადასავლებით სავსეა. ის ზღვის დონიდან დაახლოებით 2,826 მეტრზე მდებარეობს და კახეთს თუშეთთან აკავშირებს.
  • საღამოს ჩავაღწევთ ომალოში — თუშეთის ისტორიულ და კულტურულ ცენტრში. ღამისთევა ომალოში.

 

დღე 14 – ლაშქრობა ომალოს, შენაქოსა და დართლოს მიმართულებით

  • დღეს თუშეთის მთის სოფლებში ვიმოგზაურებთ. დავიწყებთ შენაქოს მონახულებით, სადაც ვიხილავთ წმინდა გიორგის ეკლესიას — თუშეთის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც დასახლებაში. შემდეგ გავემართებით დიკლოს ციხის ნანგრევებისკენ, რომელიც საზღვართან ახლოს მდებარეობს და კავკასიონის მთებზე შთამბეჭდავ ხედებს გვთავაზობს.
  • მოგვიანებით ვეწვევით დართლოს — გამაგრებულ შუა საუკუნეების სოფელს, რომელიც ცნობილია ქვის კოშკებითა და ტრადიციული არქიტექტურით. აქედან ფეხით გავემართებით კვავლოს მიმართულებით და გზად რამდენიმე პატარა სოფელსაც გავეცნობით, სადაც დღემდე შემორჩენილია თუშური კულტურა და ცხოვრების წესი.
  • დღის განმავლობაში დავაგემოვნებთ ტრადიციულ თუშურ კერძებს და გავეცნობით ადგილობრივ სტუმართმოყვარეობას. მსურველებისთვის შესაძლებელია დამატებითი აქტივობის სახით ცხენით გასეირნების ორგანიზებაც.

 

დღე 15 – დაბრუნება თბილისში

  • საუზმის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში. გზაში გვექნება დრო, შევაჯამოთ მოგზაურობის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებები — შორეული მთის სოფლები, უძველესი ციხესიმაგრეები, გამორჩეული სალაშქრო მარშრუტები. თბილისში აუცილებლად მოვინახულებთ ადგილებს სადაც მხოლოდ ადგილობრივები გვხვდებიან. გავივლით ნაკლებად ცნობილ ქუჩებში, დავათვალიერებთ იტალიურ ეზოებს, ბაზრებს, მშრალ ხიდს. საღამოს გვექნება ვახშამი ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანში ფოლკ შოუთი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები. ქართული პოლიფონია მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს მრავალხმიან სასიმღერო ტრადიციად ითვლება და 2001 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ღამისთევსა თბილისში. 

 

დღე 16 – თბილისი – რაბათი – საროს მეგალითები - ვარძია  

  • დილით ადრევე გავეშურებით საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხის, ჯავახეთის სანახავად. ამ დღეს ჩვენ ორ ძალიან საინტერესო მუზეუმს ვეწვევით. პირველი მეთხუთმეტე საუკუნის ქალაქია. რაბათი XVI-XVII საუკუნეებში ოსმალო მმართველების რეზიდენცია და მონებით ვაჭრობის ცენტრი იყო. აქ შეძლებთ დატკბეთ მარმარილოთი ნაშენი და ოქროთი მოპირკეთებული შენობების სილამაზით. შეგიძლიათ ნახოთ მეჩეთი, რომელიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში სხვა და სხვა რელიგიას ემსახურებოდა. ის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიად, ციხესიმაგრედ და შაჰების შეხვედრების ადგილად გადაკეთდა.
  • შემდეგ ვეწვევით ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და ნაკლებად ცნობილ ისტორიულ ადგილს – სოფელ საროს. ეს უძველესი სოფელი გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთმანეთის გვერდით გვხვდება პრეისტორიული, ანტიკური და შუა საუკუნეების კულტურული ფენები, რაც საროს სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ უნიკალურ ისტორიულ ლოკაციად აქცევს.
  • ლაშქრობას დავიწყებთ საროს მთავარანგელოზთა მონასტერის მონახულებით, რომელიც VII–IX საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ ერწყმის საქართველოში პრეისტორიული და ქრისტიანული მემკვიდრეობა ერთმანეთს. მონასტერში დღეს დედაოები ცხოვრობენ. ისინი გვიმასპინძლებენ ადგილობრივი ტკბილეულით და ჩაით. ამის შემდეგ გავაგრძელებთ საროს მეგალითური ციხე-სიმაგრის მონახულებით. არქეოლოგების შეფასებით, კომპლექსის უძველესი ნაწილები ძვ. წ. II–I ათასწლეულებით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნაგებობები დაახლოებით 3 000–4 000 წლის წინ აშენდა. ციხე აგებულია უზარმაზარი ქვის ბლოკებით მშრალი წყობით, დუღაბის გამოყენების გარეშე. კომპლექსი სამი დამოუკიდებელი გამაგრებული ნაწილისგან შედგება და საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდა მტკვრის ხეობის მნიშვნელოვან სავაჭრო და სამხედრო გზებს. ციხის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში აღმოჩენილია ადრეული ბრინჯაოს, გვიანი ბრინჯაოს, რკინის ხანისა და შუა საუკუნეების არტეფაქტები, რაც ადასტურებს, რომ აქ ცხოვრება რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა. საროში ასევე ვიხილავთ ტრადიციული მესხური არქიტექტურის ნიმუშებს — ნახევრად მიწაში ჩაშენებულ საცხოვრებლებს, ძველ დარბაზებსა და ისტორიული სოფლის ნაშთებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.
  • ლაშქრობის განმავლობაში დავტკბებით ჯავახეთისა და ერუშეთის ქედების პანორამული ხედებით, რის შემდეგაც გავაგრძელებთ გზას ვარძიისკენ — საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი კლდეში ნაკვეთი მონასტრისა და შუა საუკუნეების ქალაქისკენ. ვარძია  ეს არის ქალაქი ეკლესიით, სატრაპეზოთი, საცხოვრებელი გამოქვაბულებით, ღვინის მარნებით და ა.შ. საოცარი ადგილი შუა საუკუნეების ატმოსფეროს შესაგრძნობად.
  • ღამისთევა ვარძიაში.

 

დღე 17 – ვარძია – თმოგვის ციხე – ხერთვისი – ვარძია

  • დღეს გავემგზავრებით მტკვრის ხეობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიული ძეგლის — თმოგვის ციხის მიმართულებით. თმოგვის ციხე IX-X საუკუნეებიდან არის ცნობილი და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს სამხრეთ საზღვრების დაცვაში. კლდის თავზე აღმართული ციხიდან კონტროლდებოდა მტკვრის ხეობაზე გამავალი სავაჭრო და სამხედრო გზები.
  • ციხის დათვალიერების შემდეგ გავაგრძელებთ მოგზაურობას ხერთვისის ციხესიმაგრისკენ. ხერთვისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ციხეა, რომლის ისტორია ადრეული შუა საუკუნეებიდან იწყება. სტრატეგიული მდებარეობის გამო იგი საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდა გზებს, რომლებიც საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებდა. ციხე განსაკუთრებით შთამბეჭდავია თავისი მდებარეობით — კლდოვან კონცხზე, სადაც ფარავნისა და მტკვრის ხეობები ერთმანეთს უერთდება.
  • დღის განმავლობაში შესაძლებლობა გვექნება უკეთ გავეცნოთ სამცხე-ჯავახეთის ისტორიას — რეგიონს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოსა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი კულტურული, სავაჭრო და სამხედრო კავშირების ცენტრი იყო. საღამოს დავბრუნდებით ვარძიაში, სადაც კიდევ ერთხელ დავტკბებით მტკვრის ხეობის უნიკალური ბუნებითა და მშვიდი გარემოთი.
  • ღამისთევა ვარძიაში.

 

დღე 18 – ვარძია – ჯავახეთის ზეგანი – ფარავნის ტბა

  • დღეს გავემართებით ჯავახეთის ვრცელ ვულკანურ ზეგანზე — საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბუნებრივ რეგიონში, რომელიც მილიონობით წლის წინ ძლიერი ვულკანური პროცესების შედეგად ჩამოყალიბდა. ეს მაღალმთიანი მხარე ცნობილია უკიდეგანო მდელოებით, ალპური ლანდშაფტებითა და მრავალრიცხოვანი ტბებით.
  • გავივლით ფარავნის ტბის სანაპიროზე — საქართველოს უდიდესი ტბის გარშემო. ზღვის დონიდან 2,073 მეტრზე მდებარე ფარავანი საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ისტორიულ სავაჭრო და სამგზავრო გზებზე, რომლებიც სამხრეთ კავკასიას აკავშირებდა ანატოლიასთან. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ნამოსახლარები და არქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც ამ რეგიონის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე მიუთითებს.
  • გზად გავივლით ტრადიციულ ჯავახურ სოფლებს, გავეცნობით რეგიონის მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას მათ შორის გავეცნობით დუხობორების სოფელს - გორელოვკას. გორელოვკა ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე მდებარე უნიკალური სოფელია, რომელიც XIX საუკუნის შუა წლებში რუსმა დუხობორებმა დააარსეს. დუხობორები ქრისტიანული რელიგიური ჯგუფი იყვნენ, რომლებიც უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე, ძალადობაზე და ეკლესიის იერარქიაზე. რუსეთის იმპერიამ ისინი კავკასიაში გადმოასახლა, რის შედეგადაც 1840-იან წლებში დასახლდნენ ჯავახეთში და დააარსეს რამდენიმე სოფელი, მათ შორის გორელოვკა. აქ შესაძლებელია ტრადიციული ხის სახლების, ფერადი ფანჯრებისა და უნიკალური არქიტექტურის დათვალიერება, რომელიც საქართველოს სხვა რეგიონებში თითქმის არ გვხვდება. გორელოვკა მრავალი ათწლეულის განმავლობაში დუხობორული თემის კულტურულ და სულიერ ცენტრს წარმოადგენდა.
  • ღამისთევა ნინოწმინდაში ან ახლომდებარე საოჯახო სასტუმროში.

 

დღე 20 – მადათაფის ტბა – ბუღდაშენის ტბა – ჯავახეთის დაცული ტერიტორიები

  • დღეს მოვინახულებთ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს — საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ და ისტორიულ რეგიონს. ეს მაღალმთიანი ვულკანური ზეგანი ზღვის დონიდან 1 800–2 300 მეტრზე მდებარეობს და ჩამოყალიბებულია მილიონობით წლის წინანდელი ვულკანური პროცესების შედეგად.
  • მოვინახულებთ მადათაფისა და ბუღდაშენის ტბებს, რომლებიც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიებს მიეკუთვნება. ტბები მდებარეობს ფრინველთა მიგრაციის მნიშვნელოვან გზაზე და აქ რეგულარულად ფიქსირდება 140-ზე მეტი სახეობის ფრინველი. რეგიონი ცნობილია იშვიათი ფრინველებით, მათ შორის სომხური თოლიით, წეროებითა და სხვადასხვა სახეობის წყლის ფრინველებით.
  • ღამისთევა ნინოწმინდაში.

 

დღე 21 – ჯავახეთი – დაშბაშის კანიონი – თბილისი

  • დღეს დავიწყებთ დაბრუნებას თბილისისკენ და გზად მოვინახულებთ დაშბაშის კანიონს, რომელიც მდინარე ქციის (ხრამის) მიერ არის წარმოქმნილი. კანიონის სიღრმე ზოგ მონაკვეთში 200 მეტრს აღწევს, ხოლო მისი ბაზალტის კლდეები მილიონობით წლის წინანდელი ვულკანური აქტივობის შედეგია. კანიონში გვხვდება რამდენიმე ჩანჩქერი და უნიკალური მიკროკლიმატი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მიმდებარე ზეგანის კლიმატისგან. კანიონის მონახულების შემდეგ გავისეირნებთ ასურეთში, ეს შესანიშნავი პატარა სოფელი ძალიან საინტერესოა თავისი არქიტექტურით. აქ აღმოაჩენთ XIX საუკუნის კირხეს, გერმანულ ეკლესიას. გერმანული სოფლებისთვის დამახასიათებელ შენობებს, სახლებს და ქუჩებს. ამ სოფელს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ის გერმანელმა მოსახლეებმა ააშენეს 1818 წელს, რომლებიც ვიურტენბერგიდან რელიგიურ დევნას გამოექცნენ, იმ დროს რუსეთის იმპერიაში. აქვე, გექნებათ დრო დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და აუცილებლად გაგასინჯებთ ადგილობრივ ლუდსაც. საღამოს კი ალგეთის წყალსაცავის ხედებით დავტკბებით და დავბრუნდებით თბილისში. ღამისთევა თბილისში.

 

დღე 22 – გამგზავრება

  • ტრანსფერი აეროპორტში და გამგზავრება. ტურის დასასრული